კითხვა:
შენიშვნები
” უფრო სანდო მასალა ქართულ ენობრივ არეალში არ არსებობს” (მოსაზრება ფორუმზე) მოგესალმებით კიდევ ერთხელ. რატი, პირველ რიგში გულწრფელი მადლობა ყურადღებისათვის. ჩემი შფოთვის მიზეზით აშკარად დაინტერესდით, რაც იმედის მომცემია. მაფიქრებინებს, რომ საქმისადმი ინტერესიც გაქვთ და პასუხისმგებლობაც. მერჩივნა პერსონალური იმეილით მესარგებლა და ბმული ფაილის სახით მომეწერა ჩემი სატკივარი, მაგრამ დამავიწყდა, მეთხოვა ნებართვა. იმედია, სიტყვების შეზღუდვა არ გაქვთ და მესიჯი ბოლომდე გამოიგზავნება. ჩემი უდიდეს პროტესტი ეხება შემდეგს (ამოღებულია თქვენი ვებგვერდიდან): ”არც ერთხელ უნახავს”; ”არცერთხელ არ უნახავს”; ”არც ერთი შემთხვევა ახსოვს...”; ”არცერთი შემთხვევა არ ახსოვს...” ”არც ერთხელ (არასოდეს)”; ”არცერთხელ”. ალბათ, ეს სამი მაგალითიც საკმარისია, რომ კამათი დავიწყოთ. თუმცა, აღმოჩნდა, რომ საკამათოც არაფერია. მე მოვიძიე ორთოგრაფიული ლექსიკონები თოფურია- გიგინეიშვილის ავტორობით (1949წ. !!! :-) და 1998 წ. შევსებული გამოცემა). ორივე სახელმძღვანელოში აღიარებულია რომ \"არც ერთი\", ასევე \"არც ერთხელ\" არის სწორი ფორმა. განმარტებით ლექსიკონებში კი (არც რვატომეულში, 1950წ.. და არც ერთტომეულში, 1986წ.), სავარაუდოდ, მათი შინაარსის სიმარტივის გამო, ვერ მოხვდა. აქედან გამომდინარე, ქართულ ენობრივ არეალში სანდო მასალაზე (ორთოგრაფიულ ლექსიკონებს ვგულისხმობ) დაყრდნობით, თქვენი ვებგვერდის ავტორები მართლწერის მცდარ წესებს გვთავაზობენ. ბუნდოვანია - ”არცერთი” რატომ უნდა იწერებოდეს ერთად ერთ შემთხვევაში და რატომ უნდა იყოს მართებული მისი ცალ-ცალკე დაწერა მეორე შემთხვევაში? თქვენ წერთ: სწორია - ” არცერთი”; ასევე სწორია: ”არც ერთი და არც მეორე”. აქ ეტყობა თქვენი ავტორები საკუთარ წესებთან მოვიდნენ წინააღმდეგობაში. არც მეორე- ერთად ვერ დაწერეს და ამიტომ, ამ გამოთქმასთან მიმართებაში ”არცერთიც” გახლიჩეს. მე ვესაუბრე ერთ-ერთ ფილოლოგს და მითხრა, რომ თქვენი ელექტრონული განმარტებითი ლექსიკონი მათთვის სახელმძღვანელოა და აბიტურიენტების ნაშრომებსაც ამ ლექსიკონის წესების მიხედვით ასწორებენ. ამიტომ, მე ძალიან პრინციპულად გთხოვთ, მითხრათ, რომელ სარწმუნო წყაროზე დაყრდნობით შეიცვალა საუკუნის მანძილზე დადგენილი ნორმა? ოღონდ, ძალიან გთხოვთ, ნუ მეტყვით, რომ იურიდიულად დადგენილი ნორმა საერთოდ არ არსებობს. თაობებს ენის სიწმინდეს და მართლწერას ასწავლიდნენ ამ წიგნებით! არც თქვენი ონლაინ ლექსიკონია სამრთლებრივად აღიარებული და დამტკიცებული. მე მესმის, რომ ენა დინამიკურია, ცოცხალია და პერიოდულად უნდა დაიხვეწოს, გასწორდეს, გამდიდრდეს. მაგრამ ასეთი ცვლილებების დადგენისათვის 4 ავტორი საკმარისი არაა. მესმის, რომ გადატანის წესები, დღესაც რომ ზეპირად ვიცი (ფხ; თხ; ცხ; ჩხ; ბღ; დღ; ძღ; და ა. შ.), ზედმეტი გახდა. ამ ცვლილებას მივესალმები კიდეც. მაგრამ რეალურ მიზეზის გარეშე უკვე დადგენილ წესებში ცვლილებები, ჩემი აზრით, მიუღებელია. მით უმეტეს, თუ ძველი წესების გამოყენება შეცდომად ჩაეთვლებათ, თუნდაც აბიტურიენტებს. მე ამას გავაპროტესტებ ჩემთვის ხელმისაწვდომი ყველა საშუალებით. მახსოვს, მასწავლეს, რომ ორი უარყოფითი ნაწილაკის გამოყენება ერთად არ შეიძლებოდა. მაგ., ”უსამართლობის არც ერთი შემთხვევა მახსოვს” (ვიფიქრებდი, რომ სწორად ვწერ). თქვენი ახალი ლექსიკონის მიხედვით, თურმე 2 შეცდომას ვუშვებ და უნდა დამეწერა: ”უსამართლობის არცერთი შემთხვევა არ მახსოვს”. ძალიან მიკვირს, საიდან მოვიდა ასეთი მოთხოვნა. სამწუხაროდ, ქართულის გარდა მხოლოდ რუსული და ინგლისური ენები ვიცი. ამიტომ, მხოლოდ ორ ენასთან შევძელი შედარება. ინგლისური ენაც, ჩემი ”ძველი, მშობლიური” ენის მსგავსად, ორ უარყოფით ნაწილაკს ერთად ვერ ”იტანს” (I have never seen (”არასოდეს მინახავს”, და არა - ”არასოდეს არ მინახავს”; ან none of them came; ”ვერც ერთი მათგანი მოვიდა”; და არა - ”ვერცერთი მათგანი ვერ მოვიდა”. ახლა, გადათარგმნეთ ეს წინადადებები რუსულად. გადათარგმნეთ? მაინტერესებს, რუსული ენა ხომ არ გახდა შთაგონების წყარო წესების განახლებისათვის. მე აბსოლუტურად არ ვფიქრობ, რომ ჩვენთვის რუსული ან ინგლისური მაგალითი უნდა იყოს თუმცა ორივე ენას დიდ პატივს ვცემ). არა, ქართულ ენას დიდი ხნის ისტორია აქვს და არ საჭიროებს სხვა ენებიდან წესების გადმოღებას. შეიძლება, უამრავი ახალი უცხოური სიტყვა შემოვიდეს და დამკვიდრდეს, რასაც მივესალმები თუ ქართულში შესატყვისი არ მოიძებნება. მაგრამ, რატომ ვიგონებთ ცუდ ველოსიპედს? მე ვშიშობ, რომ თუ ამ საკითხს სერიოზულად არ მოვეკიდებით, ცოტა ხანში შევბღალავთ ქართულ ენას. რატი, იქნებ დამიზუსტოთ რა წყაროებს ეყრდნობიან თქვენი ავტორები, ამ კონკრეტული წესების შეცვლისას. ვნახე, FB-ზე გვერდი გქონიათ. აუცილებლად შემოგიერთდებით, რომ თვალი ვადევნო თქვენს საქმიანობას. გულწრფელად მინდა, წარმატებები გისურვოთ, მაგრამ მინდა ”watchdog”-ის ფუნქციაც მქონდეს, როგორც რიგით ქართველს. (აი, მაგ. ამ სიტყვის თარგმანი გამიჭირდა, რადგან თავში მომივიდა მხოლოდ რამდენიმე ვარიანტი - მაკონტროლებელი, ჩასაფრებული მოთვალთვალე.. თუმცა, არც ერთმა მომხიბლა (სანამ წყაროს არ მიჩვენებთ და არ დამარწმუნებთ, რომ წლების მანძილზე თოფურია- გიგინეიშვილის წიგნი ცდებოდა , არ დავწერ - არცერთმა არ მომხიბლა . ) ახლა ერთი კომენტარი თქვენს ვეგვერდზე. კარგია, რომ სიტყვებით საძიებო სისტემა ფუნქციონირებს. თუმცა, ეს უნდა იყოს დამატებითი ფუნქცია, რომელიც მომხმარებელს მოხერხებულ სერვისს სთავაზობს. ასევე, აუცილებელია დაინტერესებულ პირს შეეძლოს თქვენს ლექსიკონში შესული ყველა (171 ათასამდე) ჩანაწერი. ვინ იცის, ჩემი წრფელი გულისტკივილის რამდენი მიზეზი იმალება თქვენს სისტემაში? ამიტომ, დაამატეთ ფუნქცია - ნახეთ ყველა ჩანაწერი; ამასთან, სასურველია, ჩანაწერები ორგანიზებული იყოს ალფავიტის მიხედვითაც. ძალიან მაინტერესებს როგორია ჩანაწერების სრული ვერსია მინდა, ვიცოდე, კიდევ რა ფარულ სიახლეებს გვთავაზობთ? ველი თქვენს პასუხს. მზია
პასუხი - ტექნიკური ნაწილი:
ქალბატონო მზია,
ლინგვისტური შინაარსის შეკითხვებზე შესაბამისი სპეციალისტები გიპასუხებენ, რაც შეეხება ტექნიკური შინაარსის მოსაზრებებს, შევეცდები მე გიპასუხოთ.
ელექტრონული ორთოგრაფიული ლექსიკონის ვებ-ვერსიას შეთავაზების სახით გამოაქვს არაუმეტეს 10 სიტყვა-სტატიისა და ამას თავის მიზეზი აქვს: მას რომ გამოჰქონდეს ბევრი შეთავაზება (მით უმეტეს ყველა - 170,000 ელემენტი), ვებ-აპლიკაცია პრაქტიკულად ვერ იმუშავებს, რადგან ე.წ. "ონლაინ-რეჟიმში" ამ მოცულობის ინფორმაციის ვებ-გვერზე ოპერატიულად ასახვა ვერ მოხერხდება და ლექსიკონი გამოუსადეგარი იქნება.
რაც შეეხება ლექსიკონის ლოკალურ ვერსიას:
ყველა თანამედროვე კომპიუტერული პროგრამა პირველ რიგში უნდა დავაინსტალიროთ. ამას ალტერნატივა პრაქტიკულად არ აქვს. შეიძლება ისეთი გასაშვები ფაილის შექმნა, რომელიც ინსტალაციის გარეშე იმუშავებს, მაგრამ მაშინ მომხმარებელს მთელი რიგი ოპერაციებს შესრულება თავად მოუწევს (ამ პროგრამასთან ბმულის შექმნა Desktop-ზე, Start მენიუში და ა.შ.) რაც გარკვეულ დამატებით კვალიფიკაციას მოითხოვს. ამიტომაც ჩვენი ლოკალური ვერსია ინსტალაციას საჭიროებს. რაც შეეხება პროგრამის გადმოწერისას ვირუსებისიგან თავდაცვას, ეს გლობალური პრობლემაა და ამ ბუნებრივ რისკს, მოგეხსენებათ, თავს ვერ ავარიდებთ.
პატივისცემით
რატი
პასუხი - ლინგვისტური ნაწილი
ქალბატონო მზია, მოგესალმებით. მადლობას მოგახსენებთ ყურადღებისთვის, თუმცა აქვე დავძენთ, რომ გაცილებით კარგი იქნებოდა, თქვენი წერილი ნაკლებად აგრესიული, მეტად კონსტრუქციულ–კეთილმოსურნე ყოფილიყო და ჩვენს კეთილსინდისიერებაში არ შეგპარვოდათ ეჭვი, აღგენიშნათ ის, რაც ჩვენ გავაკეთეთ, ხოლო თუ შენიშვნა გაგიჩნდებოდათ, უფრო მშვიდი ტონით მოგეწერათ. ერთი სიტყვით, თქვენი გულისწყრომის მიზეზს ნამდვილად ვერ ვხვდებით, თუმცა ვეცდებით დაგამშვიდოთ და თქვენ მიერ (ნამდვილად ასე იწერება და არა ''თქვენს მიერ'', არ გვეშლება) მოწოდებული შენიშვნების პასუხი მოგახსენოთ. ვფიქრობთ, რომ ენათმეცნიერებასთან პროფესიული კავშირი არ უნდა გქონდეთ, მაგრამ განათლებული ადამიანი ჩანხართ და არ გაგიჭირდებათ ჩვენი განმარტების აღქმა:
მაშ ასე:
ზოგჯერ ორმაგი უარყოფის გამოყენება აუცილებელია. ეს ხდება მაშინ:
– როდესაც უარყოფითი ნაცვალსახელი ან ზმნიზედა გათიშულია უარყოფითი ნაწილაკით: არსად ასეთი ამბავი არ გამიგია და არა: არსად ასეთი ამბავი გამიგია;
– როცა უარყოფით ნაცვალსახელს ან ზმნიზედას დაერთვის ნაწილაკი –ც(ა): ვერაფერიც ვერ დავასკვენი და არა: ვერაფერიც დავასკვენი;
– როცა უარყოფითნაწილაკიანი სიტყვა მსაზღვრელია: არავითარი სხვა სამშობლო არ გამაჩნია და არა: არავითარი სხვა სამშობლო გამაჩნია.
როგორც ჩანს, ჩვენი კომპეტენცია თქვენთვის მთლად სარწმუნო არ არის, ამიტომ შეგვიძლია მიგითითოთ სათანადო ლიტერატურა, ვთქვათ ეს: ავთანდილ არაბული,ქართული მეტყველების კულტურა, თბ., 2004.
თქვენ ბრძანებთ: ”არცერთი” რატომ უნდა იწერებოდეს ერთად ერთ შემთხვევაში და რატომ უნდა იყოს მართებული მისი ცალ-ცალკე დაწერა მეორე შემთხვევაში?
ამას კონტექსტი განაპირობებს: არის კონტექსტი, როცა ერთად იწერება და არის ასევე კონტექსტი, როდესაც ცალ–ცალკე უნდა დაიწეროს. ამ შემთხვევაშიც შეგვიძლია მიგითითოთ სათანადო ლიტერატურა – იხ. მაგ., ჟურნალისტის ორთოგრაფიულ–სტილისტიკური ლექსიკონი, თბ., 2011 (ავტორ–შემდგენლები: შუქია აფრიდონიძე, თამარ ვაშაკიძე, ვახტანგ მაღრაძე, თეა ტეტელოშვილი, თინათინ ღვინაძე, ნინო ჯორბენაძე):
– არც ერთი: ღმერთმა ხომ იცოდა, რომ არც ერთი იყო არაბი და არც მეორე – ვენეციელი (უიარ.), მაგრამ: არცერთი (არცერთი არგუმენტი არ არის მისაღები);
_ არაერთგზის ჩემპიონი, მაგრამ: არა ერთგზის და ორგზის;
– არაერთი, მაგრამ: არა ერთი და ორი (წელი);
არაერთხელ, მაგრამ: არა ერთხელ და ორჯერ
მსგავსი მაგალითები საკმაოდ ხშირად გვაქვს ენაში (და როგორც ხედავთ, ეს ჩვენი ახირება არ არის); ამის ნიმუშად გამოდგება ასევე ის, რომ ერთსა და იმავე ზმნას პირის პრეფიქსი კონტექსტის მიხედვით ხან აქვს და ხან არა: წერს ის მას; შდრ. სწერს ის მას მას, ჩადის ის კიბეზე და სჩადის ის უმსგავსობას, მიდის ის ქუჩაში და მისდის მას გული... მაგალითების ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს.
თქვენ წერთ: ”უსამართლობის არც ერთი შემთხვევა მახსოვს” (ვიფიქრებდი, რომ სწორად ვწერ). თქვენი ახალი ლექსიკონის მიხედვით, თურმე 2 შეცდომას ვუშვებ და უნდა დამეწერა: ”უსამართლობის არცერთი შემთხვევა არ მახსოვს”.
თქვენ ნამდვილად უშვებთ ორ შეცდომას ერთ მარტივ წინადადებაში და ამაში დამნაშავე ნამდვილად არ არის ჩვენი ლექსიკონი. იმეგობრეთ მასთან და ნაკლებ შეცდომას დაუშვებთ, დაგვერწმუნეთ.
კვლავაც მოგვწერეთ, მხოლოდ მშვიდად, დელიკატურად. ჩვენ მტრები არ ვართ, მეგობრები ვართ.
გიდასტურებთ ჩვენს პატივისცემას.